„წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გრძელდება საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი. ორგანიზატორი ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებაა.
ციკლის მორიგი ღონისძიება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტისა და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის ეგიდით ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ, თსსუ-ის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო მიმართულებით, მან ხაზი გაუსვა სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა მსგავსი ინიციატივების მიმართ.
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ აქცენტი გააკეთა ფაკულტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამების კოორდინატორმა, ასისტენტ-პროფესორმა მედეა ჯღარკავამ აღნიშნა, რომ პროგრამის სტუდენტები უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად ჩაერთნენ ასეთი ტიპის კონფერენციაში.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს რეაბილიტაციასა და საექთნო და სამეანო სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევები და აქტუალური საკითხები. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ და დამსწრე აუდიტორიამ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები:
,,ვირტუალური რეალობა ინსულტის შემგომ რეაბილიტაციაში”-ლიზი სტეფნაძე, II კურსის სტუდენტი (ხელმძღვანელი-პროფესორი ლელა მასხულია,ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეკანი).
,,ძუძუს კიბოს მკურნალობის(მასტექტომიის) შემდგომი ონკორეაბილიტაციის მეთოდები”-ანნა ვართანოვი, IIკურსის სტუდენტი (ხელმძღვანელები-თორნიკე .. გახოკიძე, მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი, მამოლოგი; პროფესორი ლელა მასხულია, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი).
,,ერგონომიკა საექთნო საქმეში”-კესო შავიძე, IVკურსის სტუდენტი(ხელმძღვანელი-ციალა მეშვილდიშვილი, თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი).
კონფერენციების ციკლის „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ მომდევნო ღონისძიება 4 ივნისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის სტუდენტთა მოხსენებებს დაეთმობა. კონფერენციები 16 ივნისის შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.