2024 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ წარმოდგენა “Hellados” (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით).
აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ აერთიანებს 20 შშმ მსახიობს და 20 პროფესიონალ ხელოვანს.
თეატრის დამფუძნებლების განცხადებით, დასის შექმნის იდეა ემსახურება ხელოვნების სფეროში შშმ პირების ჩართულობას, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, თვითშეფასების გაზრდას და რაც მთავარია, ცხოვრების რადიკალურად, უკეთესობისკენ შეცვლას. თეატრი, ასევე, მიზნად ისახავს აჩვენოს საზოგადოებას შშმ პირების შესაძლებლობები, დაანგრიოს სტერეოტიპები და გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება მათი შესაძლებლობებისა და საზოგადობრივ აქტივობებში ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.