2025 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა სამედიცინო სასწავლო კონფერენცია /Medical Teaching Conference (MTC). აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების I-III კურსის სტუდენტები.
კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის მისასალმებელი სიტყვით, რომელშიც იგი შეეხო მეცნიერების როლსა და მნიშვნელობას თანამედროვე განათლების პროცესში. რექტორმა გაიხსენა საკუთარი სტუდენტური გამოცდილება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებაში საქმიანობის პერიოდში და მომავალი თაობის მკვლევარებს წარმატებები უსურვა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 46 აპლიკანტიდან შერჩეული 12 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეფასდა კომპეტენტური ჟიურის მიერ. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
1. ნატალია ქაჯაია – მოხსენებით "ინდივიდუალური ნეოანტიგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია პანკრეასის კიბოს სამკურნალოდ" (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
2. მარიამ კერეჭაშვილი – მოხსენებით "CRISPR და გენური თერაპია" (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
3. მარიამ კაპანაძე – მოხსენებით "ჰორმონ-რეზისტენტული ძუძუს კიბოს უჯრედები" (ევროპის უნივერსიტეტი).
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მათი სამომავლო სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.