თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის, ასევე მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების, რეზიდენტების, პრაქტიკოსი ექიმებისა და აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ლექციები კბილთა იმპლანტაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
ლექციები წაიკითხა თსსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტისა და მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა და მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის ZiP-Zahnarzt in Pasing -ის ხელმძღვანელმა ოთარ ვადაჭკორიამ.
ლექციები ფოკუსირებული იყო კბილთა იმპლანტაციის ანატომიურ თავისებურებებზე და თანამედროვე კლინიკურ მიდგომებზე. აღსანიშნავია, რომ თითოეული საკითხის წარმოდგენის პარალელურად მომხსენებელი განიხილავდა საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, მათ შორის გართულებებსა და მათი მართვის პრაქტიკულ გზებს.
ლექციების დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ოთარ ვადაჭკორია ყოველწლიურად ატარებს საჯარო ლექციებს თსსუ-ში, რაც ემსახურება ცოდნის, თანამედროვე მიდგომების, გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული უნარების განვითარებას.