თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პარიზის დესკარტეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორმა მარვინ ედეამ ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჯანსაღი დღეგრძელობა: მედიცინისა და საზოგადოების გადააზრება, პრევენცია, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და საქართველოს როლი“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო მედიცინისა და საზოგადოების ახლებური გააზრების აუცილებლობა, ტრადიციული მიდგომებისა და შეხედულებების გადახედვა, ჯანსაღი დღეგრძელობის თანამედროვე კონცეფცია, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის გაუმჯობესების გზები, ასევე პრევენციული მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა დღეგრძელობის საკითხისადმი თანამედროვე სამედიცინო მიდგომებზე, დაავადებების პრევენციის როლზე, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მედიცინისა და საზოგადოების ურთიერთკავშირზე, ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და საქართველოს შესაძლებლობებზე ამ მიმართულებით.
ლექცია განკუთვნილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, პროფესორ მარვინ ედეასთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვა და ამომწურავი პასუხები მიეღო.
ღონისძიება აკადემიკოსის, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ხეცურიანის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მათ შორის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და ექიმები.