თსსუ-ის სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, აგრეთვე საექთნო და სამეანო საქმის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები დაასრულა 142-მა სტუდენტმა.
თსსუ-ის ინგლისურენოვანი პროგრამების მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პროგრამები დაასრულა 50-მა სტუდენტმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის 10 თებერვალს გაიმართა გამოსაშვები ცერემონიები, რომელზეც სწავლა წარმატებით დაასრულეს როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებმა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ:
„ეს არის დიდი სიამაყის დღე, განსაკუთრებული დღე, რომელიც სიხარულით, სიამაყით და ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით არის სავსე. დღეს თქვენ გადალახეთ მნიშვნელოვანი ეტაპი და ოფიციალურად შეუერთდით იმ პროფესიონალთა რიგებს, რომელთა მოწოდებაა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა. თქვენ აირჩიეთ რთული, მაგრამ უკიდურესად ღირსეული გზა. თქვენ ტოვებთ აუდიტორიებს, მაგრამ იწყებთ ბევრად მნიშვნელოვან გზას. წინ გელით უწყვეტი სწავლა, რთული გადაწყეტილებები და მომენტები, როდესაც თქვენს პროფესიულ ცოდნას ადამიანის იმედი და ნდობა დაემატება. გახსოვდეთ - თითოეული პაციენტი, თითოეული ადამიანი, თქვენი პროფესიული გზის მთავარი ღირებულებაა. ატარეთ ამ უნივერსიტეტის სახელი ღირსებით, იყავით მეცნიერებაზე დაფუძნებული, ეთიკურად მტკიცე და ჰუმანური პროფესიონალები. საზოგადოებას თქვენზე დიდი იმედი აქვს და ჩვენ გვჯერა, რომ ამ იმედს ღირსეულად გაამართლებთ. უნივერსიტეტის სახელით გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას. ვამაყობთ თქვენით და გვჯერა თქვენი მომავლის. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას“.
კურსდამთავრებულებს, ასევე მიმართეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს ფაკულტეტების დეკანებმა.
თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია: „გილოცავთ, თქვენ გამარჯვებულები ხართ, იწყებთ მეცნიერების დიდ გზაზე სვლას. ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგხვდებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ წარმატებით გადალახავთ, რადგან თქვენ უკვე მიაღწიეთ დიდ მიზანს — მიიღეთ ხარისხი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ თქვენი გამარჯვება, გავიზიაროთ თქვენთან ერთად ეს დღესასწაული და სიხარული. ჩვენ — თქვენი დეკანები და პროფესორები ბედნიერები ვიქნებით თქვენი წარმატებებით“.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი: „ძვირფასო კურსდამთავრებულებო, უბედნიერესი დღეა დღეს თქვენს ცხოვრებაში. გილოცავთ და ვულოცავ თქვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა ახლობელს. დაამთავრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ ეს შეძელით ძალიან დიდი შრომის და ბევრი უძილო ღამის შედეგად. მინდა გისურვოთ იყოთ ძალიან წარმატებულები და ბედნიერები“.
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე: „მადლობა, რომ ჩვენ აგვირჩიეთ და ბოლომდე გამოგვყევით. ზოგჯერ გეტკინებათ, ზოგჯერ დამარცხდებით, წამოდგომას და გამარჯვებასაც იგემებთ. თქვენი ცხოვრება ზუსტად ისეთივე იქნება, როგორსაც თქვენ გამოჭედავთ. შექმენით სამყარო, სადაც მოგინდებათ ცხოვრება, სადაც შეგეძლებათ საკუთარი საქმის კეთება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეკანი, პროფესორი დავით ზარნაძე: „გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ, რომ ყველგან და ყოველთვის საჭირო ადამიანები იყოთ. ჩვენი სლოგანი — „ტრადიციებით მომავლისკენ“ — არ არის შემთხვევითი: ტრადიციები ჩვენთვის ყველაფერია, ხოლო მომავალი თქვენ ხართ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.“
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - ლელა მასხულია: „პატივცემულო კოლეგებო, სტუმრებო, პატივცემულო კურსდამთავრებულებო გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. სულ მალე შეუდგებით თქვენს პრაქტიკულ საქმიანობას და მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ადაპტაცია და მდგრადობა კომპლექსურ გარემოში და სწრაფად ცვალებად ჯანდაცვის სფეროში. გისურვებთ მრავალ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.“
საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა: „ეს დღე უსაზღვრო ემოციებით და ზღვა სიხარულით სავსე დღეა. წრფელი გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ პროფესიაში ღირსეულ წარმატებებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი სავიზიტო ბარათი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც არის ყველაზე დიდი მედიცინის სკოლა საქართველოში“.
ორივე ღონისძიება განსაკუთრებულად საზეიმო და ემოციურ გარემოში წარიმართა.
ცერემონიები ტრადიციულად გაგრძელდა აკადემიური მანტიების საზეიმო შემოსვით, ხოლო დასასრულს კურსდამთავრებულებმა ერთხმად დადეს პროფესიული ფიცი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს პროფესიული ეთიკისა და პაციენტის წინაშე პასუხისმგებლობის ერთგულება.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებმაც საზეიმო გარემოში გაიზიარეს მათი წარმატება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებებს უსურვებს.