თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რექტორთა საბჭო სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
შეხვედრის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საბჭოს წევრებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, შეაფასეს მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.