თსსუ-ში საერთაშორისო კადავერული კურსი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

თსსუ-ში საერთაშორისო კადავერული კურსი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

საერთაშორისო კადავერული კურსის ოფიციალური გახსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი ოფიციალურად გაიხსნა. ორდღიან საერთაშორისო სასწავლო პროგრამას, თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი მასპინძლობს.

კურსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე დაესწრნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და თსსუ-ის კანცლერმა, ალექსანდრე ბუაჩიძემ სტუმრებს უნივერსიტეტის განახლებული ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი დაათვალიერებინეს და მისი საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნეს, რის შემდეგაც სტუმრები საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნას დაესწრნენ.

თსსუ-ში ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტთან არსებული „პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმი“. 

 საერთაშორისო კადავერული კურსის პირველი დღე

საერთაშორისო კადავერული კურსი სრულად ეძღვნება ატროფირებული ყბების რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომებს, იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ანატომიურ მასალაზე პრაქტიკულად ამუშავებენ კომპანია JDentalCare-ის თანამედროვე ქირურგიულ პროტოკოლებსა და იმპლანტაციის სხვადასხვა ტექნიკას, რომლებიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ზედა ყბაზე ძვლის მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.  თანამედროვე ქირურგიული პროტოკოლებისა და იმპლანტაციის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია ძვლის გადანერგვის თავიდან აცილება და დროებითი ფიქსირებული კონსტრუქციის დამაგრება იმპლანტაციიდან 72 საათში.

პირველი დღის სასწავლო პროგრამა მოიცავდა: ზიგომატურ იმპლანტაციას; ტრანსნაზალურ იმპლანტაციას; პტერიგოიდულ იმპლანტაციას;  Maxilla-For-All; Immediate Loading-ის - დაუყოვნებელი დატვირთვის პროტოკოლებს. 

საერთაშორისო კურსს ქართველ სპეციალისტებთან ერთად იტალიიდან მოწვეული საერთაშორისო მენტორები ხელმძღვანელობენ. პროგრამაში მონაწილეობენ დოქტორი ფილიპო დე პაოლისი და დოქტორი მანუელ მინგიონე, რომლებიც ატროფირებული ყბების მართვის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებას ფლობენ.

პროგრამის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს საერთაშორისო პროფესიული გამოცდილებისა და კადავერული, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ერთ სივრცეში გაერთიანება.

საერთაშორისო კადავერული კურსის ჩატარება თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სივრცეში პოზიციონირების გაძლიერებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი ეტაპობრივად ყალიბდება მრავალფუნქციურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად, რომლის მიზანია რეგიონში თანამედროვე ქირურგიული ანატომიის, კლინიკური დისექციისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების განვითარების ხელშეწყობა.

ორდღიანი საერთაშორისო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კომპანია JDentalCare-ისა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (Caucasus Institute for Surgical Anatomy – CISA) პარტნიორობის ფარგლებში ტარდება.