თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „თირკმლისა და სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაციის განვითარების სტრატეგია: გზამკვლევი ცოცხალი დონაციიდან გვამურზე გადასასვლელად“ გაიმართა

თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „თირკმლისა და სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაციის განვითარების სტრატეგია: გზამკვლევი ცოცხალი დონაციიდან გვამურზე გადასასვლელად“ გაიმართა

2023 წლის 13-14 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიის და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი ერთობლივი კონფერენცია „თირკმლისა და სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაციის განვითარების სტრატეგია: გზამკვლევი ცოცხალი დონაციიდან გვამურზე გადასასვლელად“. იგი მიეძღვნა საქართველოში ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ ორგანოთა მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის საკითხს, ანუ ორგანოთა გვამური ტრანპლანტაციის დანერგვის სტრატეგიას. 

კონფერენცია გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა თამარ გაბუნიამ. კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ.

დამსწრე აუდიტორიას თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს დარგის წამყვანმა ექსპერტებმა: საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ორგანოთა ტრანსპლანტაციაში.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ პროფესორები ლიონელ როსტენი  და პოლ ჰარდენი, რომლთაც დიდი წვლილი მიუძღვით განვითარებად ქვეყნებში ტრანსპლანტაციის სამსახურის შექმნაში. 

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ხორციელდება მხოლოდ თირკმლისა და ღვიძლის ცოცხალი დონაცია, თუმცა თავსებადი დონორი იშვიათია და შესაბამისად მათი რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არსებულ მოთხოვნას. სხვა ორგანოების შემთხვევაში გამოსავალი მძიმეა. შესაბამისად, გვამური ტრანსპლანტაცია  მკურნალობის ერთადერთი მეთოდია, რომელიც გადაარჩენს ასეთი პაციენტების (როგორც  ბავშვების, ისე მოზარდების) სიცოცხლეს. 

ამ მიმართულებით მსგავსი მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სწორედ ამან გამოიწვია სამი ქვეყნის გაერთიანება. აქედან გამომდინარე, კონფერენციაზე, გარდა გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა, დაიწყო მუშაობა ერთიანი  სტრატეგიული გეგმისთვის. შესაბამისად, კონფერენციაზე განიხილეს, როგორც საკანონმდებლო, ისე საორგანიზაციო და სამედიცინო საკითხები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებამ რეგიონში ნეფროლოგიის დარგის განვითარებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა ჭოხონელიძე დააჯილდოვა და ქვეყანაში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისთვის მადლობა გადაუხადა.