თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“ გაიმართა

თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქვეყნისა და საეკლესიო ცხოვრების განვითარებაში, რის შემდეგაც კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.

„ჩვენს უნივერსიტეტში დღეს იმართება მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა და ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიუბილეო თარიღს. აქ იმყოფებიან მაღალი დონის საერთაშორისო სპიკერები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და  მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მადლობას ვუხდი ყველას  კონფერენციაში მონაწილეობისათვის.“ - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ამის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო სპიკერები წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

„ჩვენი კონფერენციის თემა ეძღვნება ბავშვთა ნევროლოგიაში იშვიათ კლინიკურ შემთხვევებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს უცხოელ სტუმრებს, რომლებმაც დიდი გზა გამოიარეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და განხილული საკითხები მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის.“ - განაცხადა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა განიხილეს  ბავშვთა ნევროლოგიაში იშვიათი და რთული კლინიკური შემთხვევები, მათი დიაგნოსტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა თემატურ მოხსენებებს, კლინიკური მაგალითების ანალიზს და პროფესიულ დისკუსიებს.

ღონისძიებაზე სპიკერებად  მოწვეული იყვნენ საერთაშორისო აკადემიური სივრცის აღიარებული წარმომადგენლები.

 „მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის. ამ შეხვედრაზე ჩემი მთავარი მიზანი არის ნეონატოლოგებისა და ბავშვთა ნევროლოგების ერთობლივი მუშაობის განხილვა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად. აუცილებელია თანამშრომლობა ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებებთან, რეკომენდაციების მიწოდება და მჭიდრო კომუნიკაცია.“ - განაცხადა პროფესორმა მარია რობერტა ცილიომ (ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლუვენი, ბელგია).

უცხოელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კონფერენციის მნიშვნელობაზე.

„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მჯერა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო თანამშრომლობა  გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, განვიხილოთ გამოწვევები და შევისწავლოთ კულტურული დინამიკა, რაც ხელს უწყობს ჩვენი პროფესიული და სოციალური გამოწვევების უკეთესად გაგებას.“ - განაცხადა პროფესორმა ილონა ანა კოპიტამ (სილეზიის სამედიცინო უნივერსიტეტი, კატოვიცე, პოლონეთი).

„ევროპული საზოგადოების საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს, რადგან თქვენ ამ საზოგადოების ნაწილი ხართ. მოხარული ვარ რომ საშუალება მომეცა შევხვედროდი ქართველ კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობენ განსაკუთრებით იშვიათი დაავადებების სფეროში. საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია განვიხილოთ კლინიკური შემთხვევები და ჩვენი გამოცდილება გავცვალოთ. მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.“ - განაცხადა პროფესორმა ბარბარა პლეჩკომ (გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი,გრაცი, ავსტრია).

კონფერენციას ესწრებოდნენ: ბავშვთა ნევროლოგები, საოჯახო მედიცინის ექიმები, პედიატრები, ნეონატოლოგები, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის სპეციალისტები, ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და რეაბილიტოლოგიის სპეციალისტები და სტუდენტები.