თსსუ-ში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

თსსუ-ში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამების, ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება თსსუ-ის III სასწავლო კორპუსის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და პროფესიული წარმატება, უწყვეტი განვითარება და უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგულება უსურვა.

თქვენი მიზანი, მოწოდება და ცხოვრების გზა – ეს არის მოგზაურობა, რომელიც დროს, მოთმინებასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს.

გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება მხოლოდ დიპლომი არ არის. ეს არის მყარი საფუძველი, რომელზეც ააგებთ თქვენს მომავალს და შექმნით საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს საზოგადოებისა და პროფესიის განვითარებაში.

სამყარო, რომლის ნაწილიც დღეს ხდებით, რთული და მუდმივად ცვალებადია, თუმცა ამავე დროს სავსეა ახალი შესაძლებლობებით. მას სჭირდება ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ - ადამიანები, რომლებიც არასოდეს შეწყვეტენ სწავლას და არ ეშინიათ დიდი ოცნებების.

ყოველთვის იშრომეთ საუკეთესო შედეგისთვის და ერთგულნი დარჩით იმ ღირებულებებისა, რომლებიც აქ, უნივერსიტეტში, შეიძინეთ.

დღეს განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა მივმართოთ ფაკულტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებმაც თქვენი სწავლების, პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. გულწრფელად გმადლობთ თქვენი თავდადების, პროფესიონალიზმისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. სწორედ თქვენმა ცოდნამ, გამოცდილებამ შეუწყო ხელი იმ წარმატებული კურსდამთავრებულების ჩამოყალიბებას, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგანან.

ასევე განსაკუთრებული მადლობა თქვენს ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში თქვენს გვერდით იდგნენ. თქვენი სიყვარული, თანადგომა და გამხნევება ახალგაზრდებისთვის ფასდაუდებელი ძალაა. 

ღირსეულად ატარეთ თქვენი ალმა-მატერის ტრადიცია.

ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, განაგრძეთ სწავლა, განაგრძეთ განვითარება და არასოდეს შეუშინდეთ გამოწვევებს. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ, თქვენი მომავლის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გულითადად გილოცავთ, 2026 წლის კურსდამთავრებულებო!“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თსსუ-ის რექტორმა.

კურსდამთავრებულებს მიმართა თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ. მან ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მიერ გავლილ გზაზე, მათ პროფესიულ ზრდასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსს თან ახლავს:

ძვირფასო სტუდენტებო, ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული დღე.

როგორც მშობელმა, ასევე ყოფილმა პედაგოგმა, ძალიან კარგად ვიცი, რამდენ შრომას, მონდომებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს გზა პირველი კურსიდან სწავლის დასრულებამდე. ამ წლების განმავლობაში თქვენ ისწავლეთ, განვითარდით, გადალახეთ არაერთი გამოწვევა, შეიძინეთ მეგობრები, ერთად იმუშავეთ და ერთად გაიზარდეთ.

დღევანდელი დღე თქვენი დიდი გამარჯვებაა.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და მინდა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ მუდამ იქნებით თქვენი უნივერსიტეტის ელჩები.

ყოველი თქვენი წარმატება და თითოეული მიღწევა თქვენი უნივერსიტეტის, თქვენი ალმა-მატერის წარმატებაც იქნება. უნივერსიტეტი ყოველთვის იამაყებს თქვენით.

გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებასა და არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ცხოვრებაში.

გილოცავთ!“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პროფესორმა დავით თოფურიამ.

2026 წელს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები ჯამში 62-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. 

მათ შორის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა 28-მა სტუდენტმა, რუსულენოვანი პროგრამა – 16-მა, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 11-მა, ხოლო ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა – 7-მა სტუდენტმა დაასრულა.

დიპლომები მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამების კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა გადასცეს. ფარმაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულები კი უნივერსიტეტის კანცლერმა და შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მაღალრეიტინგული სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კურსდამთავრებულთა პროფესიული ფიცის დადების ცერემონია იყო.

საზეიმო ღონისძიება ტრადიციული სიმბოლური აქტივობებით – სადღესასწაულო ტორტის გაჭრით, აკადემიური ქუდების ასროლითა და სასცენო ფოიერვერკით დასრულდა.