თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის (თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის) ინიციატივით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) პარტნიორობით, გაიმართა საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია თემაზე — „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლიდერების მომავალი თაობის აღზრდა“.
ღონისძიება სტენლი მიუზიკის სახელობის მემორიალურ ლექციათა ციკლის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2022 წლიდან იმართება და ეძღვნება გამორჩეული ეპიდემიოლოგის, დოქტორ სტენლი მიუზიკის მემკვიდრეობას. სწორედ მისმა საქმიანობამ 1995 წელს, თბილისში, ჩაუყარა საფუძველი საქართველოში CDC-ის პირველი ეპიდემიოლოგიური სწავლების პროგრამის ჩამოყალიბებას. დოქტორ მიუზიკის პროფესიული გზა დღემდე მაგალითია თაობებისთვის საზოგადოებრივი სამსახურის, მენტორობისა და გლობალური ჯანმრთელობის ლიდერობის მიმართულებით.
წლევანდელ ლექციას დოქტორი ვაფაა ელ-სადრი (აშშ), კოლუმბიის უნივერსიტეტში ICAP-ის დამფუძნებელი და გლობალური დირექტორი, ასევე Columbia Global-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი უძღვებოდა. დოქტორი ელ-სადრი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერია ინფექციური დაავადებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში და ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიან ინიციატივებს აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, ახალი და აღმოცენებადი ინფექციების კონტროლისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, ამ სივრცეში, მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და მსოფლიოში გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცნინო უნივერსიტეტს. სტენლი მიუზიკის სახელობის მემორიალური ლექცია აგრძელებს ისტორიას მომავალი თაობებისთვის.“ - აღნიშნა დოქტორმა ელ-სადრიმ.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც CDC-ის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.