თსსუ-ში  სტუდენტური თვითმმართველობის  ორგანიზებით საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა

თსსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა თანასწორთა საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის ფარგლებში, მოხსენებით - „ნერვული ქსოვილის ინტერდისციპლინური როლი კლინიკურ მედიცინაში: სამწვერა ნერვი“ - წარსდგნენ იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი - მარიამ კვეზერელი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა ქლიბაძე და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ხოსროშვილი.

მომხსენებლებმა დეტალურად მიმოიხილეს ნერვული ქსოვილის როლი ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასა და პათოლოგიური პროცესების განვითარებაში, ასევე დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მიდგომებში.

შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა კლინიკური შემთხვევები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენდა სამწვერა ნერვის პათოლოგიების მრავალფეროვნებასა და ინტერდისციპლინურ ასპექტებს.

აქტივობას ესწრებოდნენ თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და სტუდენტები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს  სტუდენტებს შორის ცოდნის გაზიარებასა და ინტეგრირებული მიდგომების პოპულარიზაციას თანამედროვე სამედიცინო განათლებაში.