თსსუ ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ბრწყინვალების ცენტრი გახდა

თსსუ ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ბრწყინვალების ცენტრი გახდა

ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით განათლების, კვლევისა და ტრენინგის მაღალ დონეზე უზრუნველყოფისთვის ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ბრწყინვალების ცენტრის სტატუსი მიანიჭა. სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც თსსუ-ის გადაეცა ხელს აწერენ ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი და ბრწყინვალების ცენტრების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის World Allergy Organization-ის ბრწყინვალების ცენტრის (Center of Excellence - COE) სტატუსის მინიჭება საერთაშორისო აღიარებაა, რაც ადასტურებს თსსუ-ის მაღალ აკადემიურ, სამეცნიერო და კლინიკურ პოტენციალს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულებით. აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვნად აძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირებას და ქმნის ახალი პროფესიული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობების საფუძველს.

სტატუსის ფარგლებში თსსუ-ს ეძლევა შესაძლებლობა, აქტიურად ითანამშრომლოს WAO-სთან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინიციატივის ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სასწავლო პროცესში.

ამასთანავე, ბრწყინვალების ცენტრის სტატუსი თსსუის შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს WAO-ს სამეცნიერო და აკადემიური მხარდაჭერა გლობალური საგანმანათლებლო რესურსების შექმნის, განვითარების და საერთაშორისო დონეზე გავრცელების მიმართულებით. ეს მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის როგორც აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, ისე ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისათვის.

სტატუსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი არის თანამშრომლობის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვა ბრწყინვალების ცენტრებთან. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო პარტნიორობების გაღრმავებას, ერთობლივი მენტორობის პროგრამების, კვლევითი სტაჟირებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივის განხორციელებას მსოფლიოს წამყვან აკადემიურ და კლინიკურ ცენტრებთან.

World Allergy Organization-ის ბრწყინვალების ცენტრი (Center of Excellence – COE) საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო პლატფორმაა, რომლის მიზანია ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში მულტიდისციპლინური კვლევების, კლინიკური ინოვაციების, განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მასშტაბით.

ბრწყინვალების ცენტრის მთავარი დანიშნულებაა, გააძლიეროს და დააჩქაროს სამეცნიერო და კლინიკური პროგრესი აღნიშნულ სფეროებში, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, კვლევა და ტრენინგები, ასევე ხელი შეუწყოს პროფესიულ თანამშრომლობასა და ადვოკატირებას როგორც აკადემიურ წრეებში, ისე საზოგადოებრივ და ჯანდაცვის სისტემის დონეზე.

WAO-ს ბრწყინვალების ცენტრი  აკადემიურ დაწესებულებაში დაფუძნებული მულტიდისციპლინური ჯგუფია, რომელიც აერთიანებს სულ მცირე სამ კლინიკურ ქვესპეციალობას და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასეთ ცენტრს ახასიათებს:

მკაფიო მისია და სტრატეგიული ხედვა, რომელიც სრულ თანხვედრაშია WAO-ს მიზნებთან და ემსახურება ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის, როგორც მულტიდისციპლინური მიმართულების, განვითარებას; 

ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურა, ეფექტიანი მართვის მოდელი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ასევე მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში აღიარებული მენტორების ჩართულობა; 

მრავალპროფილური აკადემიური და კლინიკური გუნდი, რომელიც წარმოდგენილია სამი ან მეტი კლინიკური ქვესპეციალობის სპეციალისტებით და უზრუნველყოფს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, კვლევასა და სწავლების პროცესს.

World Allergy Organization-ის ბრწყინვალების ცენტრი (Center of Excellence – COE) უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი აკადემიური, სამეცნიერო და კლინიკური კომპეტენციის კრიტერიუმებს რამდენიმე ძირითად მიმართულებაში.

პირველ რიგში, ცენტრი აქტიურად უნდა ახორციელებდეს მულტიდისციპლინურ საბაზისო და კლინიკურ კვლევებს, რაც ხელს უწყობს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

კლინიკური საქმიანობის მიმართულებით, ბრწყინვალების ცენტრს უნდა ჰქონდეს აღიარებული პროგრამები ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში, ასევე მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები მულტიდისციპლინური თანამშრომლობისა და კლინიკური ინოვაციების განვითარებისათვის.

საბაზისო მეცნიერებების მიმართულებით, ცენტრი უნდა უზრუნველყოფდეს აღიარებულ სადოქტორო (PhD) პროგრამებს და ხელს უწყობდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინოვაციების განვითარებას ინტერდისციპლინური მიდგომების საფუძველზე.

მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლება და ტრენინგი - ცენტრს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამები, რომლებიც ემსახურება WAO-ს მისიასა და პროფესიულ მიზნებს.

ამასთანავე, ბრწყინვალების ცენტრი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პროფესიული ადვოკატირების და ქსელური თანამშრომლობის პროცესში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ეს მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, პაციენტებთან და პაციენტთა ჯგუფებთან თანამშრომლობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა ინსტიტუციასთან პარტნიორობას.

აღნიშნული კრიტერიუმების სრულყოფილად დაკმაყოფილების საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (ალერგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი) მიენიჭა World Allergy Organization-ის ბრწყინვალების ცენტრის (COE) სტატუსი, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების მნიშვნელოვანი დადასტურებაა. 

COE სტატუსის შენარჩუნებისა და გაგრძელების საკითხი გადაიხედება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.