თსსუ ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერულ კურსს უმასპინძლებს

თსსუ ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერულ კურსს უმასპინძლებს

18-19 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  პირველად საქართველოში უმასპინძლებს ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერულ კურსს. უნიკალური სასწავლო პროგრამის პირველი კურსი, რომელმაც სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, უკვე სრულად დაკომპლექტებულია. მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას.

მსურველთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსის განმეორებით ჩატარება და მომდევნო ნაკადის მიღება ნოემბრის თვეშიც იგეგმება. 

კურსის შესახებ:

კურსი ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, კომპანია JDentalCare-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტს (Caucasus Institute for Surgical Anatomy - CISA) შორის პარტნიორობის ფარგლებში. თანამშრომლობა ეფუძნება თსსუ-სა და JDentalCare-ს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკასა და CISA-ს შორისაც გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია საქართველოში საერთაშორისო Cadaver Course-ის ჩატარება.

სასწავლო პროგრამა სრულად ეძღვნება Maxilla-For-All პროტოკოლებსა და თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სამუშაო შეასრულონ ანატომიურ მასალაზე და გაეცნონ ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს.

კურსს უხელმძღვანელებენ მოწვეული იტალიელი სპეციალისტები:

დოქტორი ფილიპო დე პაოლისი (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი) 

დოქტორი მანუელ მინგიონე (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი) 

სასწავლო პროგრამა

I დღე | 18 სექტემბერი (09:00-17:00) | ზედა ყბა

ზიგომატური იმპლანტაცია; 

ტრანსნაზალური იმპლანტაცია; 

პტერიგოიდული იმპლანტაცია; 

Maxilla-For-All სრული ყბის რეაბილიტაციის პროტოკოლები; 

დაუყოვნებელი დატვირთვა (Immediate Loading). 

II დღე | 19 სექტემბერი (09:00-17:00) | ქვედა ყბა

All-on-4 პროტოკოლი და დაუყოვნებელი დატვირთვა; 

რამუსიდან ძვლის ბლოკის აღება; 

ქვედა ალვეოლური ნერვის ლატერალიზაცია; 

ქვედა ალვეოლური ნერვის ტრანსპოზიცია; 

ფლაპის დიზაინი და ანატომიური ლენდმარკები; 

გართულებების პრევენცია და მართვა. 

მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის საერთაშორისო Cadaver Course საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის განვითარებისთვის. პროექტი ქართველ სპეციალისტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და მსოფლიოს წამყვანი პრაქტიკის უშუალოდ საქართველოში გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.