თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი ევროპის რეზოლუციური ბიოლოგიის ქსელის აქცია-CA24138 (EU RESOLUTION BIOLOGY NETWORK) შეხვედრების და ვორქშოფების კოორდინატორად აირჩიეს. ეს არის COST-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართა.
ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობს 37 ქვეყანა.
საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წარმოადგინა. პროექტში მონაწილეობს თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა პროექტის მართვისა და განხორციელების გეგმა, ასევე შეირჩა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი პოზიციების კანდიდატები. მმართველი საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ მენეჯმენტის ყველა საკითხის გადაწყვეტაში და სარგებლობენ ევროკომისიის მხარდაჭერით.
ნონა ჯანიკაშვილის თქმით, COST არის უპრეცედენტოდ დიდი პლატფორმა ინსტიტუციური ხილვადობის გაზრდისა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებისთვის.
„Cost ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიული გაძლიერებისთვის, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან სამეცნიერო ფორუმებსა და სამუშაო შეხვედრებში.
ევროპის რეზოლუციური ბიოლოგიის ქსელის მიზანია გააერთიანოს მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ანთების რეზოლუციის მიმართულებით და ხელი შეუწყოს კვლევების შედეგების ეფექტიან გაზიარებას. ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხოლო მმართველი საბჭოს მისიაა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე,“ – განაცხადა ნონა ჯანიკაშვილმა.