თსსუ გრაცის პათოლოგიის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ-კვლევით ცენტრში

თსსუ გრაცის პათოლოგიის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ-კვლევით ცენტრში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკურ ასპექტებს სწავლების პროცესში, ცოდნის შეფასებაში, კვლევასა და დიაგნოსტიკაში, ასევე სადოქტორო კვლევებისა და ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განვითარების პერსპექტივებს.

თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა ავსტრიაში, გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრების დროს. საქართველოს თსსუ-ის დელეგაცია უნივერსიტეტის პათოლოგიის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ-კვლევით ცენტრს ეწვია.

გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაცია გაეცნო პათოლოგიის დიაგნოსტიკური-კვლევითი ცენტრის მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებულ თანამედროვე კვლევებს.

თსსუ-ის მასპინძლობდა მოლეკულური ბიომედიცინის ექსპერტი, ინფორმაციული მეცნიერებისა და მანქანური სწავლების კვლევითი გუნდის ხელმძღვანელი Heimo Müller. მისი ხელმძღვანელობით მოქმედი კვლევითი ჯგუფი პათოლოგიის სფეროში დიაგნოსტიკური პროცესებისას გენერირებული მონაცემების ციფრულ დამუშავებაზე მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სადიაგნოსტიკო ალგორითმების შექმნასა და ციფრული კატალოგების განვითარებას ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან — ვიცე-რექტორთან, პროფესორ Erwin Petek-თან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორთან, Heidrun Mörtl-თან.

დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ გრაცის პათოლოგიის დიაგნოსტიკურ-კვლევით ცენტრში მოქმედ ბიობანკს, რომელიც ბიომოლეკულური რესურსების საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის წევრია და საარქივო ბიოლოგიური ნიმუშების კვლევის ფართო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

ვიზიტი გაიმართა მსოფლიო ბანკის პროგრამის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო 12Q“ ფარგლებში, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ხორციელდება პროექტი „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულებისა და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“.