თსსუ-ის „Horizon Europe“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს ევროკომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

თსსუ-ის „Horizon Europe“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს ევროკომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

2022 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „Horizon Europe“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს სტუმრობდნენ: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კოორდინატორი სილვია ბოჯინოვა, ევროკომისიის წარმომადგენელი მატიად ვურში, ეროვნული ოფისის „Horizon Europe“ ხელმძღვანელი ნინო ინასარიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია;   სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი;  თსსუ-ის „Horizon Europe“-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი თამარ გვასალია; სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია;  Erasmus + ოფისის კოორდინატორი ნინო კანდელაკი და თსსუ-ის დოქტორანტები.

„Horizon Europe“ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის მასშტაბური პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი  (დაახლოებით 95,5 მილიარდი ევრო)  7 წლის მანძილზე (2021-2027) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, გამოგონებებს და  ინოვაციურ იდეებს.  

ამ მიმართულებით საქართველოს მიზანია აქტიურად და წარმატებით ჩაერთოს პროგრამის ფარგლებში და მოახდინოს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრირება ევროპული კვლევების ერთიან სივრცეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში  გაიხსნა „Horizon Europe“-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რომლის ფუნქცია - საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება, საუნივერსიტეტო დონეზე ინფორმაციის გავრცელება და კვლევითი ჯგუფების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერაა. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი 2022 წლის ივნისში გაიხსნა,  რომელიც მთელს ქვეყანაში მედიცინის მიმართულებით მიმდინარე კვლევებს გაუწევს კოორდინაციას.