თსსუ-ის თეატრის  „ჰიგია“ კიდევ ერთი პრემიერა

თსსუ-ის თეატრის „ჰიგია“ კიდევ ერთი პრემიერა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა  „ჰიგია“ პაოლო კოსტელას  „იდეალური უცნობები“ სცენაზე გააცოცხლა. პრემიერა 2023 წლის 14 და15 ივნისს შედგა და მაყურებელთა ოვაციისა და აპლოდისმენტების ფონზე ანშლაგით ჩაიარა.

სპექტაკლის რეჟისორი, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თეატრის „ჰიგია“ დამაარსებელი, ნათია გუჯაბიძე, ამჯერადაც წარმატებული და დასამახსოვრებელი რეჟისორული ნამუშევრით წარდგა მაყურებლის წინაშე. „ჰიგიას“ დასის წევრებმა, სპექტაკლში მონაწილე ნიჭიერებით გამორჩეულმა სტუდენტმა-მსახიობებმა: ხვიჩა სებუამ (სებია), ვახო კიკნაძემ, ანანო სიდამონიძემ, ნატა სურმავამ, კატო ჭანჭალეიშვილმა, გიორგი სანიკიძემ, ფეფე გონგაძემ, ბახვა გელაშვილმა, დუდუ მოდებაძემ, ელენე უჯმაჯურიძემ, მარიამ ფანცულაიამ, მოლინა იოსელიანმა, სალი ხუტაშვილმა, თემო ჩხეიძემ და გიორგი ბრეგაძემ არაჩვეულებრივად ითამაშეს და სცენაზე ნამდვილი თეატრალური ზეიმი მოაწყვეს.

რეჟისორ ნათია გუჯაბიძის ნამუშევარი განსაკუთრებული და მოულოდნელობებით აღსავსე იყო, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე იტალიელი სცენარისტისა და რეჟისორის პაოლო კოსტელას 2015 წელს გადაღებული, საუკეთესო კინონამუშევრად აღიარებული ფილმის _  „იდეალური უცნობების“ (დრამა) შემდეგ, მოახერხა და წარმოადგინა ახალ ჭრილში დანახული მარადიული პრობლემა ადამიანთა გაუცხოებისა და სიმარტოვის, უნდობლობისა და დაუნდობლობის შესახებ.

სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა თათა პაპაშვილმა, ქორეოგრაფი იყო არჩილ სოლოღაშვილი, ტექნიკური მომსახურება  უზრუნველყო ლუკა იოსელიანმა.