თსსუ-ის თეატრმა „ჰიგია“ საიუბილეო თარიღი რუსთაველის თეატრის სცენაზე აღნიშნა

თსსუ-ის თეატრმა „ჰიგია“ საიუბილეო თარიღი რუსთაველის თეატრის სცენაზე აღნიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა „ჰიგია“ საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე აღნიშნა.

2022 წლის 22 მარტი თეატრ „ჰიგიას“ 20 წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,პატარა უფლისწული“ თსსუ-ის თეატრალურმა დასმა რუსთაველის თეატრის სცენაზე განსაკუთრებული ემოციებით ითამაშა, შედეგმაც არ დააყოვნა და დარბაზში მყოფმა მაყურებელმა მოყვარული მსახიობების წარმატება განსაკუთრებული ოვაციებით შეაფასა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ნაწარმოები რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“  დამაარსებელმა ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წლის დეკემბერში დაარსდა და ამ ორი ათეული წლის განმავლობაში  საკუთარი ხელწერისა და დახვეწილი პროფესიონალური თვისებების შეძენა მოახერხა. მისი ისტორია მრავალ წარმატებულ სპექტაკლს ითვლის.