თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა გეგენავა ერასმუსის სამედიცინო ცენტრში (როტერდამი, ნიდერლანდები), რევმატოლოგიის დეპარტამენტში, სამეცნიერო და კლინიკური სტაჟირებისთვის იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მრავალფეროვანი რევმატული დაავადებების მქონე პაციენტთა მართვის სპეციფიკური კლინიკური და სამეცნიერო პრაქტიკის შესწავლა.
ვიზიტის პერიოდში ასისტენტ-პროფესორი თანამშრომლობდა დეპარტამენტის კლინიკურ გუნდთან და უშუალოდ მონაწილეობდა რევმატული დაავადებების მქონე 80 პაციენტის გასინჯვაში. მისი ჩართულობა მოიცავდა როგორც პაციენტთა კლინიკურ შეფასებას, ასევე დიაგნოსტიკურ პროცედურებს, მათ შორის კაპილაროსკოპიას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ორსული და მეძუძური ქალების მართვის სპეციფიკურ ასპექტებს, სხვადასხვა ტიპის შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების მქონე პაციენტებს.
კლინიკური საქმიანობის პარალელურად, მაკა გეგენავა მუშაობდა მის მიერ წარდგენილ სამეცნიერო პროექტზე, რომელიც ეხებოდა ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორების გავრცელებას და ექოკარდიოგრაფიული ცვლილებების ანალიზს.
ის აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო გუნდის შეხვედრებში და ფსორიაზული ართრიტის დიდი მონაცემთა ბაზის დამუშვებაში, რომელიც 1,000-მდე პაციენტს მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორმა შეიძინა გამოცდილება სხვადასხვა ტიპის შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში, ასევე გაიღრმავა გამოცდილება სამეცნიერო, კლინიკური კვლევის განხორციელების მიმართულებით.