თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი, ერზრუმი) იმყოფებოდა

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი, ერზრუმი) იმყოფებოდა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზრუმში, ათათურქის უნივერსიტეტში „Erasmus+"-ის პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ტრენინგი (Staff Mobility for Training) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭიჭინაძემ.

ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ადგილზე გაეცნო ათათურქის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო განათლების, საოჯახო მედიცინისა და პათოლოგიის დეპარტამენტების და ოსკის ცენტრის მუშაობის პრინციპებს. ასევე,  შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე დაეთვალიერებინა ფაკულტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სამეცნიერო და ლაბორატორიული ბაზები. 

პროგრამის ფარგლებში გიორგი ჭიჭინაძე შეხვდა ათათურქის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მელთემ ალკან მელიქოღლუს და დეკანის მოადგილეებს - პროფესორ აიშენურ დოსტბილს და პროფესორ მუსტაფა კარას. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ინსტიტუციებს შორის ერთობლივი თანამშრომლობისა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები, ასევე იმსჯელეს მომავალ ერთობლივ აკადემიურ პროექტებზე.

ფაკულტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობები მნიშვნელოვანია მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო და აკადემიური განვითარებისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და გლობალური ხედვის გაფართოებისთვის. 

მობილობის პროგრამის დასასრულს თსსუ-ის ასოცირებულ პროფესორს ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ აჰმეთ ჰაჯიმუფთიოღლუმ უმასპინძლა. შეხვედრაზე ათათურქის უნივერსიტეტის რექტორმა თსსუ-თან აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თურქული მხარის მზაობას თსსუ-ის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობისთვის.