2024 წლის 7-11 სექტემბერს ქ. ფლორენციაში (იტალია) პათოლოგიის 36-ე ევროპულ კონგრესზე ჯორდანოს სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ. ევროპისა და აზიის ქვეყნების 22 გამარჯვებულიდან ორნი - მანანა ჯიქურაშვილი და შოთა კეპულაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ახალგაზრდა ექიმები და მოწვეული მასწავლებლები არიან.
ალფონსო ჯორდანოს სახელობის სტიპენდია, რომელიც ევროპის პათოლოგიის საზოგადოების (ESP) მიერ 2015 წელს დაწესდა, მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა პათოლოგანატომებსა და დამამთავრებელი წლის კლინიკურ რეზიდენტებს, რათა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო ცენტრებში პრაქტიკული გადამზადება გაიარონ სპეციალიზებულ სფეროში. ეს შესანიშნავი გზაა მათთვის დიაგნოსტიკური და სამეცნიერო უნარების გასაუმჯობესებლად და ამასთანავე, ავტორიტეტულ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად.
ჯორდანოს სტიპენდიის პროგრამით, მანანა ჯიქურაშვილი 2025 წლის შემოდგომაზე, ციფრული პათოლოგიის სფეროში გამოცდილების მისაღებად პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც 2 თვეს გაატარებს პორტოს უნივერსიტეტის მოლეკულური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტში - IPATIMUP-ში. აღსანიშნავია, რომ პორტოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის მიერ „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ წარმატებით განსახორციელებლად.
შოთა კეპულაძე ჯორდანოს სტიპენდიის პროგრამით პროფესიულ დახელოვნებას დერმატოპათოლოგიაში 2025 წელს ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (Maastricht UMC) გაივლის. იგი პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, რაც კანის სიმსივნეების ჰისტოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ და მოლეკულური დიაგნოსტიკას მოიცავს, ასევე, ჩაერთვება მაასტრიხტის უნივერსიტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის კვლევით პროექტებშიც.