თსსუ-ის ბიოქიმიის დეპარტამენტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე

თსსუ-ის ბიოქიმიის დეპარტამენტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები ეკა ეკალაძე და ნესტან მერკვილაძე მონაწილეობდნენ ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო FEBS-ის – ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის წევრი, გაერთიანებული სამეფოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის მიერ. 

წლევანელი შეხვედრის სლოგანი იყო „სწავლების ხელშეწყობა ბიოსამედიცინო განათლებაში“.

„ბიოსამედიცინო განათლებაში სწავლების სრულყოფის ხელშეწყობამ“ გააერთიანა უმაღლესი სკოლების გამოცდილი პედაგოგები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების პროგრამებში ბიომეცნიერების სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიების გაცვლას საერთაშორისო დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიომეცნიერების სწავლების დიზაინსა და ციფრულ განათლებაზე, აქტიური სწავლების მეთოდოლოგიაზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამედიცინო განათლებაში.

თემატური სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა ახალი სასწავლო აქტივობების განვითარებას, დისციპლინათშორისი უნარების ჩამოყალიბებასა და ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნას ყველა სტუდენტისთვის. ხაზგასმით აღინიშნა გამორჩეული პედაგოგების აღიარებისა და დაჯილდოების მნიშვნელობა მათი მოტივაციის ასამაღლებლად და წვლილის დასაფასებლად.

კონფერენციაში მონაწილე თსსუ-ის ასოცირებული პროფესორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრებში დეპარტამენტის თანამშრომლთა მონაწილეობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მათ შორის სასწავლო პროცესში ბიოქიმიის, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტის, მუდმივი განვითარების თვალსაზრისით.