თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი (ცენტრის ხელმძღვანელი: თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის პროფესორი ირმა ჭოხონელიძე) ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებამ (ISN) სანიმუშო ცენტრად აღიარა და რობერტ შრაიერის გრანტით დააჯილდოვა.
ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი პროექტის - „დამეგობრებული ქვეყნების პროგრამის“ ფარგლებში ნეფროლოგიის განვითარების კლინიკურ ცენტრსა და გენტის (ბელგია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნეფროლოგიურ დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ნეფროლოგიის განვითარების კლინიკურმა ცენტრმა წარმატებით გაიარა ყველა დონე და მიაღწია წინასწარ გაწერილ მიზნებს: ინტერვენციული ნეფროლოგიის დამკვიდრება, მულტიდისციპლინური მიდგომა ნეფროლოგიაში, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ჰემო და პერიტონეულ დიალიზში, თირკმლის ტრანსპლანტაციაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
პროგრამის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ცენტრების მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით გამარჯვებულად ჩაითვალა თბილისი-გენტის თანამშრომლობა.
„ამ ურთიერთობის ფარგლებში გენტის ნეფროლოგიური დეპარტამენტი გახდა ჩვენი სუპერვიზორი. თითოეული დეტალი, მათ შორის სტანდარტული პროტოკოლების დანერგვა, ექთნის სკოლა, უნარ-ჩვევები, თეორიული ცოდნა - აღმოჩნდა, რომ საჭიროებდა დახვეწას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც აქვს ახალი უნარ-ჩვევები, განახლებული ცოდნა და მიდგომები. ჩამოყალიბდა მულტიდისციპლინური გუნდი. გუნდის ჩამოყალიბებამ და ერთიანმა მიდგომამ მთლიანად შეცვალა შედეგი. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველივე ეს პაციენტის მკურნალობაზე აისახა და შედეგები ბევრად უკეთესია, ვიდრე ამ თანამშრომლობის დაწყებამდე“, - განაცხადა პროფესორმა ირმა ჭოხონელიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი არის თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის ძირითადი ბაზა, რომლის სერვისების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად აისახება პოსტდიპლომური სწავლების პროცესზე.
ცნობისთვის, ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მიზანია ნეფროლოგიური სერვისების გლობალური გაუმჯობესება. შესაბამისად, მას შემუშავებული აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში დარგის განვითარებას.