„ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გაღრმავება“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა კონფერენცია ჩეხეთში, ქ.ოლომოუცში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.
“(AMSE)-ის კონფერენციის ფარგლებში ბევრი საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ, რაც სასარგებლოა ჩვენი უნივერსიტეტისთვის და ჩვენი ცოდნისთვის თანამედროვე სამედიცინო განათლების შესახებ. მოხსენებების დროს აქცენტი სამ ძირითად მიმართულებაზე გაკეთდა. პირველი - სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელობაზე, ე.წ. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების და პაციენტზე დაკვირვებით შეფასების, სწავლების პრაქტიკაზე. ასევე დიდი აქცენტი გაკეთდა კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უნივერსიტეტებსა და კლინიკებს შორის მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე. დიდი ყურადღება დაეთმო პაციენტის მხრიდან ექიმის მიმართ ნდობის ფაქტს. აღმოჩნდა რომ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ შემცირებულია ექიმის მიმართ ნდობა, სტატისტიკურად ეს მაჩვენებელი იყო 58% და ჩამოსულია 43%-ზე, შესაბამისად ისაუბრეს იმაზე, რომ სამედიცინო განათლებაში უნდა შევიდეს კომპონენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პაციენტის ნდობა ექიმისადმი ისევ აღდგეს და იმ ნიშნულამდე მივიდეს.“ - განაცხადა კონფერენციის დასრულების შემდეგ თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა საშუალებას მისცემს თსსუ-ს ახალი პარტნიორობა დაამყაროს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო კლინიკებთან და მათ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილოს საკითხები სტუდენტებისთვის თეორიული სწავლებისა და კლინიკური პრაქტიკის უფრო მეტად გაღრმავებისა და ახალი სტანდარტების შემუშავებისთვის.
ღონისძიებაზე თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორ ჰარმ პეტერსმა მიიწვია.
კონფერენციის მსვლელობისას კი AMEE - ის ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა მადალენა პატრიციომ სურვილი გამოთქვა თსსუ-ში სტუმრობასა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე. პროფესორი მადალენა პატრიციო 30-31 ოქტომბერს მოხსენებას წარადგენს თემაზე - „ეთიკისა და პროფესიონალიზმის გადახედვა ტრანსფორმაციული სამედიცინო განათლებისკენ.“
(AMSE)-ს საერთაშორისო კონფერენციას ჩეხეთში ესწრებდონენ:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - ირაკლი ნატროშვილი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ნინო ცხვედიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ირინა კაპეტივაძე.