თსსუ-ის დელეგაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე - GETEX 2017

თსსუ-ის დელეგაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე - GETEX 2017

2017 წლის  13-15 აპრილს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, ქალაქ დუბაიში გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა - GETEX 2017, სადაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული  პროექტის "ვისწავლოთ საქართველოში" ფარგლებში. პროექტის  მიზანია ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო სივრცის შექმნა განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებისა და ინტერნაციონალიზაციის ფონზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.
პროექტით უამრავი უცხოელი დაინტერესდა და მათი დიდი უმრავლესობა დარეგისტრირდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მიერ შეთავაზებულ უცხოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
თსსუ-ის წარმომადგენლებმა მომავალ სტუდენტებსა და მათ მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ცხოვრებისა და უნივერსიტეტში სწავლის პირობების შესახებ. დარიგდა თსსუ-ის საინფორმაციო ბუკლეტები.

გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც იქნება გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.