„სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ბათუმმა მეორედ უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის უშუალო ჩართულობით გაიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვალერი ახალკაცმა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა.
თსსუ-ის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ კონფერენციის მიმდინარეობაში: მოდერაცია გაუწიეს რამდენიმე სამეცნიერო სესიას და ვორქშოპს, რომლებიც მიმართული იყო სპორტული მედიცინის სფეროში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებაზე, თანამედროვე სამეცნიერო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვასა და ახალი კლინიკური სტანდარტების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციის წევრებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) პროფესორებთან, ლიეტუვას ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორთან და მოლდოვის სპორტული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორთან. ეს ის უნივერსიტეტები და ორგანიზაციები არიან, რომლებთანაც თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. სამუშაო შეხვედრები ფორმატში დაისახა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, როგორც ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, ისე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების გაფართოების მიმართულებით.
2025 წლის 1 აგვისტოდან, ERASMUS+ პროგრამის მობილობის ფარგლებში, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი ალბერტ სომხიშვილი და სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ მე-2 სემესტრის მაგისტრანტი თეიმურაზ ალუღიშვილი ჩაერთვებიან ორთვიანი საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში ტარტუს უნივერსიტეტში, ხოლო 29 სექტემბრიდან თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი უმასპინძლებს ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული მეცნიერებებისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის პროგრამის დირექტორს და ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტს.