2024 წლის 24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია; უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი; პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი; კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის /დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე და დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე ქ. ბაზელში (შვეიცარია) გამართულ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის სხვადასხვა პლენარულ სხდომებში, სიმპოზიუმებში, ვორქშოფებსა და სესიებში. აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონფერენციის მუშაობაში, მათ წარმოადგინეს სხვადასხვა მოხსენებები.
გარდა ამისა, კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საინტერესო შეხვედრები AMEE-ს მოქმედ პრეზიდენტთან, პროფესორ შუბა რამანთან და მომდევნო, დასახელებულ პრეზიდენტებთან: AMEE-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ანე ლოიდთან; სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან, რიკარდო ლეონ ბორხესთან; პროფესორ რონალდ ჰარდენთან, პროფესორ ოლე ტენ კატესთან, პროფესორ დევიდ ტეილორთან, პროფესორ კენ მასტერსთან და NBME და AMBOSS-ის წარმომადგენლებთან.
შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გაიანე სიმონია და სალომე ვორონოვი სპეციალური მიწვევით ბაზელის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ფრანკ ციმერმანთან. შეხვედრაზე განიხილეს კლინიკური სწავლებისა და შეფასების მეთოდები. ამ მიმართულებით დაისახა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში AMEE-ს ცენტრის თანახელმძღვანელი სალომე ვორონოვი წლევანდელი კონფერენციის პროგრამის შემმუშავებელი კომიტეტის წევრი გახლდათ. ის, ასევე აკადემიური განვითარების თემატურ სესიაზე მოდერატორად იყო მიწვეული.
ცნობისთვის, წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 108 ქვეყნის 4041-მა წარმომადგენელმა.