თსსუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტში

თსსუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტში

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (Erasmus+ International Credit Mobility) პროექტის ფარგლებში, 2026 წლის 23–27 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდებში, როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტში.

თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი; თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს.  შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკა და სასწავლო პროცესში BLS/ABCDE მეთოდის ინტეგრაციის პრაქტიკა. დელეგაციამ, ასევე დაათვალიერა სოფიას პედიატრიული კლინიკა, სიმულაციური სწავლების ცენტრი და ინოვაციების ლაბორატორია.

შეხვედრები, ასევე გაიმართა Erasmus Academy-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრისას მიმოიხილეს სიმულაციური სწავლების დანერგვისა და განვითარების საუკეთესო პრაქტიკა, ასევე განიხილეს ტრენერთა გადამზადების მექანიზმები. შეხვედრების შედეგად დაიგეგმა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის ივნისში, რომლის ფარგლებში ისინი ჩაატარებენ სპეციალიზებულ ტრენინგებს კომუნიკაციისა და სიმულაციური სწავლების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციის წევრებს SIM-X-ის წარმომადგენელმა მარტინ ბოსმანმა ჩაუტარა ტრენინგი სიმულაციურ სწავლებაში ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიების გამოყენებისა და მისი უპირატესობების შესახებ. შეხვედრა გაიმართა, ასევე ერაზმუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელსა და განათლების სექტორის მენეჯერთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები.