2023 წლის 26-30 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გლაზგოში (შოტლანდია) სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე; ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; პედიატრიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ხერხეულიძე, პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანი ყავლაშვილი და აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი.
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 108 ქვეყნის 4.200-ზე მეტმა წარმომადგენელმა. კონფერენციაზე თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა წარადგინეს მოხსენებები:
,,AMEE International Networking Center in Georgia- Regional hub of medical education in South Caucasus“
(ავტორები: გ. სიმონია,ზ. ვადაჭკორია, ს. ვორონოვი, ზ. ორჯონიკიძე, მ.მამალაძე, ხ. თოდაძე);
,,Effectiveness of formative assessment and detailed feedback on student academic performance“ (ავტორები: ე.ეკალაძე, გ. ვარდოსანიძე, ნ. თევზაძე, ნ. ყავლაშვილი და სხვ.);
,,Attitude of Medical Residents Toward Teaching Clinical Skills to Undergraduate Medical Students“ (ავტორები: ი.მანჯავიძე, დ.ჩიტაიშვილი, ს. ვორონოვი, პ.ნოზაძე, ზ. ვადაჭკორია);
,,Impact of CBL on motivation, achievement and learning satisfaction of students during pediatric clerkship“ (ავტორები: მ.ხერხეულიძე, ნ. ყავლაშვილი, ე.კანდელაკი).
ვიზიტისას თსსუ-ის წარმომადგენლები, დაესწრნენ კონფერენციის პლენარულ სხდომებს, სიმპოზიუმებს და სესიებს. აღსანიშნავია, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) ვორქშოფი, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის დელეგატებმა.
AMEE-ს წლევანდელ კონფერენციას პირველად ყავდა კონფერენციის პროგრამის კომიტეტი, რომლის წევრიც იყო თსსუ-ში არსებული AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანახელმძღვანელი, აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი.
კონფერენციის პერიოდში დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საინტერესო შეხვედრები AMEE- ს პრეზიდენტთან, პროფესორ შუბა რამანთან, ასევე, პროფესორებთან; რონალდ ჰარდენთან, ოლე ტენ კატესთან, დევიდ ტეილორთან,ჯუდი მაკკიმთან, პოლ ჯონსთან და სხვებთან.
აღსანიშნავია, რომ AMEE-ს გენერალურ ასამბლეაზე დასახელდა AMEE-ს მომდევნო პრეზიდენტი - პროფესორი აილეტ კუპერი და დამტკიცდა ასოციაციის ახალი სახელწოდება: AMEE- International Association for Health Professions Education.
31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია და მისი მოადგილე სალომე ვორონოვი მიწვეულნი იყვნენ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამის დირექტორთან, პროფესორ ჰანა კოკთან და კლინიკური განათლების ცენტრის ხელმძღვანელთან პროფესორ ფილიპა ტოსტევინთან, სწავლების და შეფასების მეთოდების, კერძოდ კი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების და სამუშაო ადგილზე შეფასების მეთოდების შესახებ.