თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი პიზის უნივერსიტეტში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი პიზის უნივერსიტეტში

2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით,  ერაზმუს+ ICM KA107 საერათაშორისო კრიდიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია პიზის უნივერსიტეტს (იტალია). დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ხათუნა თოდაძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და თსსუ-ის ერაზმუს+ პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი.  თსსუ დელეგაცია მიწვეული იყო პიზის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც თანამშრომლობს პიზის უნივერსიტეტთან ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში.

საერთაშორისო კვირეული გახსნა პიზის უნივეტსიტეტის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა ფრანჩესკო მარჩელონიმ. თსსუ ვიცე-რექტორმა, პროფესორმა  ხათუნა თოდაძემ, წარადგინა მოხსენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კვირეულის მონაწილეთა შორის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობაზე ინტერნაციონალიზაციის პროცესში, კერძოდ საერთშორისო სტუდენტების მოზიდვასა და  მათ სოციალურ ინტეგრაციაზე, ისაუბრა რექტორის აპარატის უფროსმა ირინა კაპეტივაძემ. ერაზმუს+ პროექტის  ინსტიტუციურმა კოორდინატორმა,  ნინო კამდელაკმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია  თსსუ-ს წარმატებებზე  საერთაშორისო ურთიერთობების  სფეროში. აღნიშნულ  შეხვედრას ესწრებოდენ: ევროპის, ცენტრალური ამერიკის, აფრიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.  

ბოლონიის პროცესის  ჯგუფის თანა თავჯდომარემ,  პროფესორმა  ანა კატერინ აიზაკიმა ჩაატარა ვორკშოპი.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა პიზის უნივერსიტეტის ერაზმუს+ პროექტის ინსტიტუციურ კოორდინატორს, პროფესორ უგო ფარაგუნას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ  თომასო სალამონეს. შეხვედრის დროს  მიღებულ იქნა თანხმობა პიზის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.  

თსსუ-ის დელეგაცია აგრეთვე შეხვდა თსსუ-ის რეზიდენტებს, რომლებიც ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში, ამჟამად გადიან  5-თვიან სწავლების კურსს პიზის უნივერსიტეტში.  

,,სამუშაო ვიზიტმა ჩაიარა წარმატებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას დაუდებს საფუძველს და გზას გაუხსნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს/რეზიდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად“-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.