2024 წლის 13–19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სასარის (იტალია) უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასარის უნივერსიტეტს შორის არსებული Erasmus + საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
თსსუ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი არჩილ უნდილაშვილი; რექტორის აპარატის უფროსი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი.
ვიზიტის მიზანს სასარის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის შედეგებისა და ახალი მიმართულებების განხილვა წარმოადგენდა.
იტალიაში თსსუ-ის დელეგაციის წევრები შეხვდნენ: სასარის უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორ კლაუდია კროსიოს; მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მობილობების კოორდინატორებს - პროფესორ ჯანინა ბრანკას, დოქტორ ანდრია ლედას, პროფესორ ეგლე პატრიცია მილიას; Erasmus+ პროექტის კოორდინატორს ბიოსამედიცინო მეცნიერებების დარგში, პროფესორ დარია სანას; მედიცინის სკოლის წარმომადგენელს პროფესორ გაია როკიტას; მედიცინის, ქირურგიისა და ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორს, ელიზაბეტა ჯავინას.
აღსანიშნავია, რომ სასარის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ წაიკითხა ლექცია - “პიობაქტერიოფაგის გამოყენება თვალის დაავადებების მკურნალობის მიზნით”, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ - “გარემო ფაქტორები შეზღუდული შესაძლებლობების და ჯანმრთელობის ფორმირების კონტექსტში”.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სასარის უნივერსიტეტის თანამშრომლობა უკვე 8 წელია წარმატებით ხორციელდება.