თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ტარტუს უნივერსიტეტში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ტარტუს უნივერსიტეტში

2023 წლის 21-27 მაისს ERASMUS+ KA107 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცი-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია იმყოფებოდნენ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი).

ვიზიტის ფარგლებში,  თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ საერთაშორისო კვირეულში - „ERASMUS+ International Staff Week 2023“, დეტალურად გაეცნენ ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობას, მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციობის თავისებურებებს, უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებს, საერთაშორისო კვლევების შესაძლებლობებს.  შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, მობილობის ფარგლებში თსსუ-ის მიერ გაგზავნილი სტუდენტების სწავლების ხარისხი და საჭიროებები. ვიზიტის დროს თსსუ-ის პროფესორებმა წარადგინეს მოხსენება-პრეზენტაციები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორები ხათუნა თოდაძე და ლელა მასხულია  დაესწრნენ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ შემდეგ სესიებს: Lifelong learning and E-learning at the University of Tartu; Learning Enhancement: Tandem Learning of and through Languages; International marketing and recruitment.  კვირეულის სხვა მონაწილეებთან ერთად, განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთაშორისო პროექტების საკითხები.

ასევე, თსსუ-ის წარმომადგენლები ეწვივნენ ტარტუს უნივერსიტეტის კლინიკებს და სპორტის მეცნიერებათა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტს, სადაც გაიმართა შეხვედრები პროფესორ ვაჰურ უპიქთან, ასოცირებულ პროფესორ ევე უნტთან და ტარტუს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამებში ჩართულ სხვა აკადემიურ პერსონალთან.

,,ვიზიტისას ესტონელ კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, ტარტუს უნივერსიტეტთან ინტერ-ინსტიტუციური თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მომავალი აქტივობების შესაძლებლობები“, აღნიშნეს პროფესორებმა ხათუნა თოდაძემ და ლელა მასხულიამ.