თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ყატარში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ყატარში

2024 წლის 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, საერთაშორისო დეპარტამენტის საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი და თსსუ-ის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბეროშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყატარის პერსონალიზებული ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და Thermo Fisher Scientific-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში „პერსონალიზებული ჯანმრთელობისა და პროგნოზირებადი გენომიკის განმავითარებელი ფართომასშტაბიანი პროგრამების დანერგვა". 

თსსუ-ის დელეგაციასთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი. საქართველოს დელეგაცია აქტიურად იყო ჩართული სამუშაო შეხვედრის მსვლელობასა და დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტისა და ბიობანკის დანერგვისთვის საჭირო ისეთ სტრატეგიულ ელემენტებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსის განვითარება, მიზნების და ამოცანების დასახვისთვის სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება, პოპულაციური და კოჰორტული გენეტიკური კვლევების ჩატარება და ფარმაკოგენომიკის მიმართულებით ინოვაციური მიდგომების შემუშავება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კონფერენციის ორგანიზატორების, ყატარის პერსონალიზებული ჯანმრთელობის ინსტიტუტის პრეზიდენტის, პროფესორ საიდ ისმაილის და მისი ადმინისტრაციის წინაშე წარსდგნენ მოხსენებით, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი მიღწევები და შესაძლებლობები. ასევე, თსსუ-ის პერსონალიზებული მედიცინის პროექტის სტრატეგიული გეგმა.  შეხვედრის ფარგლებში დაისახა რამდენიმე კვლევით და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტებში მონაწილეობის კონკრეტული გეგმა. დამატებით, თსსუ-ის დელეგაცია იმყოფებოდა ფოკუსირებულ ტურებზე ყატარის ბიობანკსა და გენომიკის ორ სხვადასხვა ლაბორატორიულ ცენტრში.

ამასთან, კონფერენციაში მონაწილე ინსტიტუციებთან ერთად გამოითქვა სურვილი, ჰორიზონტი ევროპის ეგიდით გამოცხადებული კონკურსისთვის მომზადდეს საგრანტო პროექტი პერსონალიზებული მედიცინის კვლევით თემატიკაზე. ასევე, აქტიურ ფაზაშია საქართველოში პერსონალური მედიცინის შესახებ კონფერენციის დაგეგმვა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ყატარის პერსონალიზებული ჯანმრთელობის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის მეტად გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა ფინეთის, თურქეთის, ესტონეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუტების ლიდერებთან განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.