თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა 2025 წელს 35-მა სტუდენტმა დაამთავრა. წლევანდელი კურსდამთავრებულები პროგრამის მეშვიდე გამოშვებაა.
საზეიმო ღონისძიება თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა. საღამოზე კურსდამთავრებულების სიხარული გაიზიარეს მშობლებმა, მეგობრებმა, თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
საზეიმო ცერემონიას ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი უძვღვებოდა.
კურსდამთვარებულებსა და მათი ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, სწავლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანმა, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა.
გამოსაშვები საღამოს დასკვნით ნაწილში კურსდამთვარებულების ხმათა უმრავლესობით, ‘’წლის გამორჩეული მასწავლებლის’’ ჯილდო გადაეცათ რუსუდან რუსიას და ანა ქევანიშვილს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯილდო - საპატიო პროფესორის წოდება წელს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანს, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიების კულმინაცია იყო, ტრადიციულად, ჰიპოკრატეს ფიცის საზეიმოდ დადება და ტორტის გაჭრა ფოიერვერკის თანხლებით.
ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე თსსუ-ის თეატრალური დარბაზის ფოიეში გაიმართა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა - „მედიცინის მიღმა“, სადაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტებმა წარმოადგინეს მათი ნამუშევრები, რომელიც მომზადდა სასწავლო კურსების „მხატვრული მინა - ფიუზინგი” და „მინანქარი - საიუველირო საქმე” ფარგლებში. აღნიშნული კურსი ერთობლივად შეიმუშავეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენელმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!
დამატებითი ინფორმაცია: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. დღეს ის საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაა.