თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ჯილდო გადაეცა

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ჯილდო გადაეცა

   
   

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო კლუბებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცა. ფონდმა - თბილისის მოზართა სახლმა -  შესაბამისი სერთიფიკატი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას სამოქალაქო განათლების კლუბის, „მომავლის თაობის“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული პირველადი დახმარების ტრენინგისთვის გადასცა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამისა და თბილისის N30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით 2016 წლის 23 მაისს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა" - კლუბების 31-მა მოსწავლემ.

საჯარო სკოლის დამათავრებელი კლასების მოსწავლეებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი არჩილ უნდილაშვილი მიესალმა, რომელმაც ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ტრენინგის მიზანი თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის იმ ძირითადი ელემენტების სწავლება იყო, რომელიც მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზარალებულისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის შესახებ. 

 რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა და როგორ უნდა მოიქცნენ შემთხვევის ადგილზე მანამ, ვიდრე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა? როგორ უნდა დაასტაბილურონ დაზარალებულის მდგომარეობა? - პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა - სოფი გიგოლაშვილმა, მარიამ ჭელიძემ, ნოდო მაისურაძემ, დანიელა ფოსტერმა და ენრიკო ჯანელიძემ ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეებს პროგრამის პედაგოგები გაესაუბრნენ. 

ტრენინგი ინტერაქტიული სახის იყო, მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხი ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიიღეს. ტრენინგის საშუალებით საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა შემდეგ საკითხებში:

  • პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების განსაზღვრა
  • გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მოშლილობით გამოწვეული მდგომარეობის დროს გადაუდებელი დახმარების გაწევა
  • ტრავმების, სისხლდენის დროს გადაუდებელი დახმარების გაწევა
  • შემთხვევის დროს ინფორმაციის მოპოვება და გაცემა.

პირველადი დახმარების შესახებ ლექცია თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სიმულაცია თანამედროვე სასწავლო მულაჟებზე განეხორციელებინათ.

გვანცა მოსულიშვილი (თბილისის N.30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი): "ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება სრულიად მოულოდნელად ჩვენს გარშემო მყოფს დასჭირდეს პირველადი დახმარების გაწევა. ასეთ სიტუაციაში კი პირველ წუთებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მოხდეს სიცოცხლის შენარჩუნება". 

გიორგი დანელია (თბილისის #30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი): "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინიციატივა მისასალმებელია. მოხარული ვარ, რომ მსგავსი ტრენინგები ხშირად გაიმართება, ღია იქნება ნებიმსიერი მსურველისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვისაც. ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი წუთი მნიშვნელოვანია".

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“  ორგანიზაცია PH International-ის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ხორციელდება.   

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა  პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  სისტემატიურად გამართავს.