2024 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის ტრადიციული, საზეიმო ღონისძიება - „თეთრი ხალათების ცერემონია” გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან პირველსემესტრელებს წარმატებები უსურვა. ასევე, პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, ემორის უნივერსიტეტის პროფესორებს, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობას, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს.
აუდიტორიას, ასევე, მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, რომელიც რექტორის უფლებამოსილებას განახორციელებს 2024 წლის 13 თებერვლიდან. მან ისაუბრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პერსპექტივასა და იმ ავტორიტეტზე, რომლის მოპოვებაც ამ პროგრამამ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა დეკანის მოადგილემ, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიული ონკოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა მაიკლ სი ლოუმ; აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მეთიუ შერერმა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ; პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და მეთერთმეტესემესტრელმა, წარმატებულმა სტუდენტმა, ლევან ალავიძემ.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერი, ბატონი არჩილ გაგნიძე, კრისტუს სენტ ვინსენტის რეგიონალური საავადმყოფოს სერტიფიცირებული ექიმი, მედიცინის დოქტორი რაისა ჩიორნი. ასევე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტთა მშობლები, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოლკოვნიკ მეთიუ შერერს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
გარდა ამისა, პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საპატიო პრიზით დაჯილდოვდნენ მოდულის -„კაცობრიობის შემოქმედებითობა” მასწავლებლები: ნანა ხეცურიანი, ლაშა ქურდაშვილი, ია ხუციშვილი, ანა მგალობლიშვილი. ასევე, სასწავლო კურსის „გახდი ექიმი” პირველი კურსის მასწავლებლები: გვანცა ვარდოსანიძე, ელენე აზმაიფარაშვილი, ნინო თორია, მარიამ ღუღუნიშვილი, ნინო ყურაშვილი, სალომე ვორონოვი და თამთა თოლორდავა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო პირველსემესტრელთა თეთრი ხალათებით შემოსვას. აღნიშნულმა ცერემონიამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.
ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე მე-11 მიღების 56 სტუდენტი ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციობს. სასწავლო პროგრამა კი ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული.