თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია” - 2022

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია” - 2022

19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის საზეიმო ღონისძიება - „თეთრი ხალათების ცერემონია” გაიმართა.

მიღება საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნებით გაიხსნა, რაც ორი ქვეყნის - საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობრობისთვის, ამასთანავე, საქართველოს სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული - თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისთვის სიმბოლური გახლდათ. (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციობს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული).

ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, თსსუ-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ოფისის სამეცნიერო დირექტორი ბრაიან ვოლკერი და ბატონი არჩილ გაგნიძე, რიჩარდ ლუგარის ცენტრის პროგრამ-მენეჯერი,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტთა მშობლები, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან პირველსემესტრელებს დიდი წარმატება - თსსუ-ის სტუდენტობა მიულოცა, ისაუბრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამის პერსპექტივასა და იმ ავტორიტეტზე, რომლის მოპოვებაც ამ პროგრამამ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს:  ამავე პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ; პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და მეათესემესტრელმა, წარმატებულმა სტუდენტმა, ნიკა ვაშაკიძემ.

ღონისძიების ემოციური ნაწილი გახლდათ პირველსემესტრელთა თეთრი ხალათებით შემოსვა, რაც საყოველთაო აღტაცებისა და ამაღლებული განწყობის თანხლებით ჩატარდა.

პირველსემესტრელთათვის მოწყობილი საზეიმო ცერემონია გამორჩეული იყო მუსიკალური ნომრებითაც, რომლებიც  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მაღალსემესტრელმა სტუდენტებმა შეასრულეს: ჯანადი კარავიტა და ჰუზაიფ ბინ ბაშერი აუდიტორიის წინაშე რამდენიმე სიმღერით დაინ ტომ თომასის (ფორტეპიანო) და დეივ ბიჯის (ელექტრონულ გიტარა) ინსტრუმენტული თანხლებით წარდგნენ.

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე 110 სტუდენტი ჩაირიცხა.