თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დელეგაციის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტის  მედიცინის სკოლაში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დელეგაციის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში

2023 წლის სექტემბერში თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტის  მედიცინის სკოლაში (აშშ).

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე; პედიატრიის კლერკშიფის თანახელმძღვანელი, კურსის ,,გახდი ექიმი“ კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ნანი ყავლაშვილი;  ნეიროქირურგიის კლერკშიფის ხელმძღვანელი, ,,გახდი ექიმის“კურსის ინსტრუქტორი ლია ხორბალაძე და შინაგანი მედიცინის (კარდიოლოგიის მიმართულების) კლერკშიფის განმახორციელებელი გიორგი კაჭახიძე. 

ვიზიტს თსსუ-ის მხრიდან კოორდიანციას უწევდა  პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ხოლო ემორის უნივერსიტეტის  მხრიდან -  პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი.

მივლინების მიზანი იყო მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სასწავლო, კლინიკური  და კვლევითი პროცესების გაცნობა-გაზიარება, საგამოცდო პროცესების მართვის პრინციპების, ასევე,  აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამების გაცნობა და სხვ. 

პედიატრიის, შინაგანი მედიცინის (კარდიოლოგიის), ნეიროქირურგიისა  და ,,გახდი ექიმის“ სასწავლო კურსების ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრენენ ლექციებსა და ტრენინგ-კურსებს.  

აშშ-ში ვიზიტისას თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებს. მათ შორის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში ადრიდანვე ჩართულ პროფესორებთან - გორდონ ჩერჩვორდთან, მერი ჯო ლეკოვიჩთან და  ჯოელ ფელნერთან. 

ზემოაღნიშნული აქტივობების პარალელურად ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ემორის უნივერსიტეტის  მედიცინის სკოლის სასწავლო და კვლევითი სივრცეები, მათ შორის - ანატომიის ლაბორატორია, სიმულაციური ცენტრი, გრეიდის ჰოსპიტალი, ვინშიფის მემორიალური ჰოსპიტალი, სხვ.

,,შეხვედრებისას შეჯერდა აზრები, გაჩნდა მრავალი იდეა, დაიგეგმა ბევრი აქტივობა, რაც დიდად წაადგება არა მხოლოდ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებას, არამედ, ზოგადად,  სამედიცინო განათლებას საქართველოში“ -  აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.