თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სოციალური პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სოციალური პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ სოციალური პროექტი ღონისძიებით შეაჯამა. 

პროექტის ფარგლებში პროგრამის 70-მდე სტუდენტი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოხალისეობრივ საქმიანობას ახორციელებდა სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში. მათ შორის იყო ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები, მოხუცთა დღის ცენტრი, საქველმოქმედო და სხვა სოციალური ორგანიზაციები, სადაც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული ბენეფიციარების მხარდაჭერასა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ასევე პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს საკუთარი მოხალისეობრივი საქმიანობის შედეგები, ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე და აუდიტორიას გაუზიარეს პროექტში მონაწილეობის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სტუდენტების ჩართულობა, პროექტის შედეგები და ხაზი გაუსვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მათ ასევე გამოხატეს სამომავლოდ ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა.

შემაჯამებელი ღონისძიების პარალელურად უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციაში განხორციელებული მოხალისეობრივი საქმიანობის ამსახველი ფოტოები.