თსსუ-ის დოქტორანტის ვიზიტი ლუბლინის  (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის დოქტორანტის ვიზიტი ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ERASMUS+ ის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 მარტის ჩათვლით თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ნერსეზაშვილი, სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიზნით  იმყოფებოდა ლუბლინის  სამედიცინო უნივერსიტეტში. 

,,ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირებამ შემძინა უდიდესი გამოცდილება, შევისწავლე კვლევის თანამედროვე მეთოდები, ანალიზურ ხელსაწყო/აპარატურაზე: Centrifugal Partition Chromatography (CPC), TLC Direct Bioautography (TLC-DB), Preparative HPLC მუშაობის წესები. მივლინების განმავლობაში მივიღე ჩემს კვლევასთან დაკავშირებული გარკვეული საინტერესო შედეგები, შევიმუშავე საკვლევი ობიექტებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსტრაქციის, გასუფთავების და შრობის ოპტიმალური პირობები. მოვახდინე მიღებული ექტრაქტების ფრაქციონირება სხვადასხვა გამხსნელთა სისტემის გამოყენებით“  - აღნიშნა მარიამ ნერსეზაშვილმა.

მარიამ ნერსეზაშვილის განცხადებით,  ამჟამად ის მუშაობს საკვლევი ობიექტებიდან მიღებული ფრაქციების ანალიზზე. ერთ-ერთი ობიექტიდან, კერძოდ, Seseli foliosum (Somm. Et Lev.)Mand.) ფესვებიდან უკვე იდენტიფიცირებულია ინდივიდუალური ნივთიერებები - ბერგაპტენი და ბენზოფსორალენი.

დოქტორანტის მიერ სუფთა სახით გამოყოფილია ოთხი ნივთიერება, რომელთა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტშია დაგეგმილი. 

თსსუ-ის დოქტორანტი ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გეგმავს  საკვლევი ობიექტების ბიოლოგიური ანალიზის გაგრძელებას. 

,,ჩემს მიერ TLC-DB მეთოდის გამოყენებამ გამოიწვია მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის პროფესორის, იზაბელა კორონა-გლოვნიაკის დაინტერესება და მასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ფერმენტების კვლევის მეთოდის შემუშავებაში. პოლონელი თანახელმძღვანელის, პროფესორი კრისტინა სკალიცკა-ვოზნიაკის გადაწყვეტილებით ჩავერთე უცნობი აფრიკული მცენარის კვლევაში. მისივე რეკომენდაციით, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ERASMUS+ პროგრამის კოორდინატორი თანახმაა, რომ ამ პროგრამის ხელშეწყობით, კვლავ დავბრუნდე ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი კომპონენტის დასრულების მიზნით“- განაცხადა მარიამ ნერსეზაშვილმა.