თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა კარენ გრიგორიანმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირება გაიარა

თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა კარენ გრიგორიანმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირება გაიარა

2022 წლის 4 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი კარენ გრიგორიანი. 

სტაჟირების პირველი ნაწილი მან შინაგანი მედიცინის I განყოფილების ენდოკრინოლოგიურ ამბულატორიაში გაიარა, სადაც გაეცნო იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიის - ადრენოკორტიკული კიბოთი დაავადებული პაციენტების მართვის ტაქტიკას. 

სტაჟირების მეორე ნაწილი კარენ გრიგორიანმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბირთვული მედიცინის განყოფილებაში გაიარა.

„საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში და გერმანიაში პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით  ენდოკრინოლოგთან ერთად მართავს ბირთვული მედიცინის სპეციალისტი. ამიტომაც, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ ხდება პაციენტების მართვა ბირთვული მედიცინის სპეციალისტების მიერ. 

ექიმის ასისტენტებთან ერთად განვიხილავდით ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიას, სცინტიგრაფიულ და ლაბორატორიულ მონაცემებს.

ბირთვული მედიცინის ექიმების ხელშეწყობით ვესწრებოდი ტუმორ-ბორდებს, სადაც აკადემიურად, უახლოესი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით მაღალ პროფესიონალურ დონეზე ხდებოდა რთული ონკოლოგიური შემთხვევების განხილვა“, - ამბობს კარენ გრიგორიანი.  

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის ირმა კვიცარიძის მხარდაჭერით სტაჟირებამ ნაყოფიერად ჩაიარა. 

„მადლობა მინდა ვუთხრა და აღვნიშნო, რომ სტაჟირება ვერ მოხერხდებოდა თსსუ-ის რექტორის, პროფესორ  ზურაბ ვადაჭკორიას აქტიური მხარდაჭერის გარეშე. მადლობა ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელს, ქ-ნ ირმა კვიცარიძეს, რომლის მხარდაჭერით სტაჟირების პროცესი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული“, - განაცხადა კარენ გრიგორიანმა.

სტაჟირების დასასრულს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა. კერძოდ, ავსტრიელ ენდოკრინოლოგთან ერთად დაიგეგმა იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიის - ადრენოკორტიკული კიბოთი დაავადებული პაციენტების მართვის მიმართულებით კვლევის ჩატარება.