თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლის ნიკო პაპიაშვილის ვიზიტი როტერდამში

თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლის ნიკო პაპიაშვილის ვიზიტი როტერდამში

2024 წლის 6-12 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ნიკო პაპიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა  როტერდამში, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და თერაპიის ასოციაციის მე-16 კონგრესის მუშაობაში.  

ღონისძიებაზე ნიკო პაპიაშვილმა წარადგინა   პოსტერული პრეზენტაცია თემაზე - „EFFECTS OF LUTEOLIN ORODISPERSIBLE TABLETS ON CARDIOVASCULAR INDICES OF HYPERTENSIVE RATS“. პრეზენტაციაში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ლუტეოლინის შემცველი ინოვაციური ოროდისპერსიული ტაბლეტის ზეგავლენის მამოდულირებელი ეფექტი  რენოვასკულური ჰიპერტენზიის ექსპერიმენტული მოდელის მქონე ვირთაგვების ჰემოდინამიკურ პარამეტრებზე, ბარორეფლექსის მგრძნობელობაზე და სისტემური არტერიული წნევის ფლუქტუაციაზე დღე-ღამის განმავლობაში, რომლის დროსაც დადგენილი იქნა ფლავონოიდ ლუტეოლინით გამოწვეული ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარების ფარმაკოლოგიური მექანიზმები. 

,,უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ წარდგენილმა პოსტერულმა პრეზენტაციამ არაერთი

მონაწილის ინტერესი გამოიწვია. კითხვები დაისვა ძირითადად არტერიული წნევის

რეგულაციაში ჩართულ ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, ასევე ხელოვნური ინტელექტის როლზე ოროდისპერსიული ტაბლეტების ფორმულაციის შემუშავებისას, ლუტეოლინის ჰიპოტენზიურ ეფექტთან დაკავშირებით, ექსპერიმენტულ ვირთაგვებში ოროდისპერსიული ტაბლეტების მიღებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულების კვლევების პერსპექტივაში გაგრძელებისა და შესაძლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“, -აღნიშნა ნიკო პაპიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ნიკო პაპიაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური გრანტის (FR-21-8190) მონაწილეა.