თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ ბეღელაძე; ელიზაბეტ ძველაია; ნიკა ბეჟუაშვილი; მეგი შარია; ანა თელიძე; ანა აბუაშვილი; ალბერტ სომხიშვილი; მარიამი ჩიტაია; ანნა ტურაშვილი; ნინო ზაბახიძე საზაფხულო სტაჟირებაზე ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი) იმყოფებოდნენ.
1 თვიანი სტაჟირება სტუდენტებმა ბულგარეთის „დედოფალ იოანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალიზებულ ნაციონალურ კლინიკაში“ გაიარეს.
თსსუ-ის სტუდენტების შეფასებით, სტაჟირება ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო, ვინაიდან მთელი თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ცოდნა გაემდიდრებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და კლინიკაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით.
„საინტერესო იყო მასპინძელი ქვეყნის მიდგომები რეაბილიტაციის სფეროში. ყოველდღიურ რეჟიმში ვმონაწილეობდით კლინიკურ საქმიანობაში: ვესწრებოდით გასინჯვებს, ვმონაწილეობდით პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში, ზედამხედველების დახმარებით შესაძლებლობა გვქონდა გვეწარმოებინა სხვადასხვა სამედიცინო-სარეაბილიტაციო მანიპულაციები“, - აღნიშნეს თსსუ-ის სტუდენტებმა.
მათი თქმით, კლინიკის ექიმებმა ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა მიდგომების შესახებ პაციეტის მოვლისა და გამოჯანმრთელების პროცესში.
„8-დან 11 საათამდე ვიყავით ფიზიოთერაპიის განყოფილებაში, სადაც დამოუკიდებლად ვატარებდით სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით. ამის შემდეგ, ჩავდიოდით ინტენსიურ განყოფილებებში და სუპერვაიზორის ხელმძღვანელობით ვავარჯიშებდით პაციენტებს.
ვისწავლეთ ფიზიკურ სიმპტომებზე დაკვირვება და ყურადღების გამახვილება პაციენტის გამოჯანმრთელების ემოციურ და ფსიქიკურ ასპექტებზე. ასევე, გავეცანით პერსონალური რეაბილიტაციის გეგმის შედგენის სირთულეებს.
გარდა ამისა, კომუნიკაცია გვქონდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებმაც სიხარულით მიგვიღეს გუნდში და მოგვცეს პროფესიული ცოდნა და რჩევები. გვინდა, რომ სტუდენტებმა გამოიყენონ შანსი, სტაჟირება კლინიკაში, როგორც პროფესიულ ასევე პიროვნულ დონეზე ძალიან გაგზრდით“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.
მათი შეფასებით, სტაჟირების პროცესი იყო შესანიშნავი გზა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისთვის. როგორც სტუდენტები ამბობენ, კლინიკურ გარემოში გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობამ გაზარდა მათი ცოდნის დონე და მოტივაცია ჯანდაცვის სფეროში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.