თსსუ-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში“ ფარგლებში სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს

თსსუ-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში“ ფარგლებში სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს

2025 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში“ ფარგლებში, სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ აქტიურ ჩართულობას, ვინაიდან კარგი ანალიტიკური უნარები და პაციენტის ფიზიკური რეაბილიტაციის როლის სწორი გააზრება წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების წინაპირობას, შესაბამისად,  რეაბილიტაციის პროცესის სწორად მართვა და ეფექტიანი გამოყენება არამარტო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემის უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა ჯგუფური პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე: „ნეირორეაბილიტაციის განვითარების თანამედროვე შესაძლებლობები“; „რეაბილიტაცია და ეკონომიკა“; „პედიატრიული რეაბილიტაცია“; Beyond Recovery: Strategic Insights for Political and Management Challenges in Rehabilitation; Physical Therapy: The Journey.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების მომზადებას წინ უძღვოდა ვიზიტები კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიაში, სადაც სტუდენტებმა შეაფასეს გარემო და ჩაატარეს სიტუაციური ანალიზი. შემდგომ, მათ პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელთა მიზანი იყო რეაბილიტაციის როლის ანალიზი პაციენტის ჯანმრთელობაზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალურად აღწერეს რეაბილიტაციის მნიშვნელობა და მისი გავლენა მედიცინის, ჯანდაცვის, სპორტის, ეკონომიკის, განათლებისა და გარემოს განვითარებაზე. განხილულ იქნა ქვეყნის რეგულაციები, არსებული გამოწვევები, სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სტუდენტებმა გაავლეს პარალელები თავიანთ ქვეყნებში მოქმედი ჯანდაცვის რეაბილიტაციის სისტემასა და საქართველოში არსებულ პრაქტიკას შორის. 

შეხვედრის დასასრულს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის ფარგლებში წარმატებული პრეზენტაციების წარდგენისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო სასიამოვნო სიახლეს, რომელიც ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებმა გააცნეს. ბატონმა თამაზ ბექაიამ აღნიშნა, რომ ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ფონდი დამატებით უზრუნველყოფს ფაკულტეტის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტის სემესტრულ დაფინანსებას.