თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს

თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა  ისრაელის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების სპეციალისტებს:  ასუტას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იცხაკ ვინოგრადს,  ჰაიფას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის და ტრანპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ რან შტეინბერგს, მინინვაზიური ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ არკადი ვაჩნიანს  და ა.შ.შ. ჩიკაგოს საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორს, სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელს დებორა ლოეფს მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტები კლინიკაში 8 ურთულეს, ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციულ მკურნალობას ახორციელებენ, რომელიც 2018 წელს დაიგეგმა და რომელშიც აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე.  ოპერაციას ასევე,  ესწრებიან კლინიკის ქირურგები, რეზიდენტები , რომელებიც აქტიურად იღებენ  მონაწილეობას წინასაოპერაციო პროცესსა და პოსტოპერაციულ მეთვალყურეობაში.

"ჩვენ უკვე 2001 წლიდან ვმასპინძლობთ სპეციალისტებს ისრაელიდან. წლევანდელი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებელი ოპერაციები 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, მსგავსი ოპერაციები,  ლაპაროსკოპიული მეთოდით,  საქართველოში ჩატარებულია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, უცხოელი კოლეგების დახმარებით და ეს, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ ვართ ინოვაციების იმპლემენტაციის ინიციატორები, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.  ეს თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება ქართველი ქირურგებისთვის და ხელს შეუწყობს თსსუ-ის ბაზაზე ლაპაროსკოპიული ქირურგიის შემდგომ განვითარებას. " - აღნიშნა თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ბუაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ოპერაციების პარალელურად  თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და კლინიკის ექიმებისთვის  სპეციალისტები საჯარო ლექციებს კითხულობენ.  დღეს 1 მაისს, პროფესორმა დებორა ლოეფმა წაიკითხა ლექცია სახელწოდებით - პედიატრიული ქირურგია - თანამედროვე გამოწვევები. მან სხვადასხვა ოპერაციის განხილვის მაგალითზე, აუდიტორიას გაუზიარა ჩიკაგოში არსებული გამოცდილება ამ მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა საჯარო ლექციებიც, მათ შორის პროფესორი არკადი ვაჩნიანი წაიკითხავს ლექციას ლაპარასკოპიის მიღწევების შესახებ, ბავშვთა ქირურგიაში.