თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შედეგად  ექიმებმა 1 წლის და 4 თვის პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.  მსგავსი ტექნიკისა და სირთულის ქირურგიული ოპერაცია  საქართველოში პირველად განხორციელდა. პაციენტს 5 დღის განმავლობაში  აწუხებდა ხშირი ხველა,  ის ვერ იღებდა საკვებს და წყალს. გამოკვლევის შემედეგად ექიმებმა საყლაპავის პირველი ფიზიოლოგიური შევიწროების ქვევით უცხო სხეული აღმოაჩინეს. ასეთი რთული  პათოლოგიის შემთხვევაში  პაციენტის 5 დღის დაგვიანებით კლინიკაში შესვლა (ჰოსპიტალიზაცია) უდიდეს რისკს წარმოადგენს.

კლინიკაში შესვლიდან 30 წუთში ინტუბაციური ანესთეზიის ქვეშ, პედიატრიული მოდელის ფიბროგასტროსკოპით  პროფესორმა მერაბ ბუაძემ  (თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) ამოიღო ლითიუმის 20 მმ ზომის ელემენტი, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში, მყარად იყო ჩაფიქსირებული საყლაპავის კედელში. თანამედროვე გაიდლაინით, საყლაპავში არსებული ლითიუმის 20 მმ-იანი ელემენტის ამოღება უნდა მოხდეს პირველ 2 საათში. ამ შემთხვევაში პაციენტის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო, ენდოსკოპიური ამოკვეთა მოხდა 120 საათის გასვლის შემდგომ, რაც თავისთავად დიდი გართულებების წინაპირობად იქცა. უცხო სხეულის ამოღების შემდეგ საყლაპავის კედელზე, ღრმა ქიმიური დამწვრობა დარჩა შავი დენდრიტული ფიბრინული მასებით.  მცირე სანათურში ენდოსკოპის კონტროლის ქვეშ,  კვების მიზნით გატარდა (12 F) ზომის ნაზოგასტრალური ზონდი. პაციენტს  ასევე,  ჩაუტარდა  ენდოსკოპიურ- რენტგენოლოგიური კვლევა წყალში ხსნადი კონტრასტის შეყვანით. შედეგად დადასტურდა საყლაპავის უკანა კედლის პერფორაცია და ტრაქეოეზოფაგალური ფისტულა, შუასაყარის ანთების გარეშე.  

ტელემედიცინის დახმარებით, ხაიფას რამბამის სამედიცინო ცენტრისა (ისრაელი) და ჩიკაგოს პედიატრიული კლინიკის (აშშ)  ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ექიმების ჩართულობით შემუშავდა მკურნალობის ტაქტიკა,  რომელიც, მწვავე პროცესის ჩაცხრომამდე და საყლაპავ-ტრაქეის ფისტულის ჩამოყალიბებამდე, კონსერვატიული მკურნალობის გაგრძელებას გულისხმობდა.

მას შემდეგ, რაც პაციენტს მოემატა ტრაქეობრონქიალურად ექსუდატის რაოდენობა, რომელიც სანაციურ ბრონქოსკოპიებს არ ექვემდებარებოდა, ქირურგებმა: ივანე წულეისკირმა, ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ კუტუბიძემ და ნიკა ბუაძემ ჩაატარეს თორაკოტომია სტერნალური მიდგომით, საყლაპავის და ტრაქეის პერფორირებული ნაწილების რეზექცია და რეკონსტრუქციული უნიკალური ოპერაციები. აღნიშნულ ჩამოთვლილ ურთულეს ოპერაციებთან ერთად ჩაუტარდა ასევე მესამე ოპერაცია-საკვები გასტროსტომის დადება

პაციენტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: რეანიმატოლოგებმა: დოდო გველესიანმა და ანა იაკობაშვილმა; ანესთეზიოლოგებმა: ნინო შეროზიამ და გოგა იორამაშვილმა; კლინიკის მთელმა სამედიცინო პერსონალმა.

ოპერაციიდან 14 დღის შემდეგ ბრონქოსკოპიით და 5 მმ-იანი გასტროსკოპით შეფასდა ტრაქეის და საყლაპავის სანათური, ასევე  ჩატარდა საყლაპავის კონტრასტული რენტგენოლოგიური  კვლევა, რამაც დადებითი შედეგი დაადასტურა - ჰერმეტიზმი და სანათური ნორმალურ მდგომარეობაში იყო. 

ჩატარებული ოპერაციული მკურნალობა წარმოადგენს  საკმაოდ რთულ და იშვიათ შემთხვევას, თუმცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ამ სირთულეს მაღალ დონეზე გაუმკლავდნენ.

ვულოცავთ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყველა თანამშრომელს ამ დიდ წარმატებას!