თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შედეგად ექიმებმა 12 წლის პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მსგავსი სირთულის ქირურგიული ოპერაცია ბავშვთა ასაკში საქართველოში პირველად განხორციელდა.
კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შედეგად, პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: სფეროციტოზი და ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობა - ქოლეცისტიტის გარეშე.
თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ ბუაძის ხელმძღვანელობით ოპერაციული ჩარევა ლაპარასკოპიული მეთოდით, 4 პორტის საშუალებით ჩაატარეს: ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ა. კუტუბიძემ, ამავე დეპარტამენტის ლაბორანტმა - ბავშვთა ქირურგმა ნ. ბუაძემ და ბავშვთა ქირურგმა ზ. ძიძავამ. პირველ ეტაპზე ჩატარდა ქოლეცისტექტომია, მეორე ეტაპად ჩატარდა ლაპარასკოპიული სპლენექტომია. პაციენტი კლინიკიდან მეხუთე დღეს გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
ვულოცავთ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყველა თანამშრომელს ამ დიდ წარმატებას!