თსსუ-ის ინდოეთის კინოსა და ესტრადის ვარსკვლავი გორავ ჩოპრა ესტუმრა

თსსუ-ის ინდოეთის კინოსა და ესტრადის ვარსკვლავი გორავ ჩოპრა ესტუმრა

2016 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ინდოეთის კინოსა და ესტრადის ვარსკვლავი, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტი გორავ ჩოპრა სტუმრობდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინდოეთის ცნობილი ვარსკვლავი ინდოელ სტუდენტებს შეხვდა. იგი სამედიცინო უნივერსიტეტში თავის მეწყვილესთან, ლიკა ღუღუნიშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

შეხვედრას სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა:თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია და სხვა პირები ესწრებოდნენ. გორავ ჩოპრამ ინდოელ სტუდენტებს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი პარტნიორი ლია ღუღუნიშვილი წარუდგინა და შეკრებილებს მოუთხრო, თუ როგორ მოხვდა ამ პროექტში. ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, რომ შემდეგი საკონკურსო ტური კინემატოგრაფიას ეძღვნება. 

გორავ ჩოპრას თქმით, იგი მეოცე საუკუნიდან დღემდე ცნობილი ინდური ფილმებიდან ეპიზოდების ნაკრებს იცეკვებს. ჩოპრამ ასევე შესთავაზა სტუდენტებს კონკურსის დღეს მივიდნენ სტუდიაში და მხარი დაუჭირონ მას. ასევე ინდოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდური ცეკვები სცენაზე ჩოპრასთან ერთად შეასრულონ. 

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გორავ ჩოპრამ განაცხადა, სამედიცინო უნივერსიტეტში ინდოელ სტუდენტებთან შეხვედრა მისი იდეა იყო, რადგან იცოდა, რომ ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ინდოელი სტუდენტი სწავლობს. 

სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით თოფურიამ განაცხადა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში 2000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათგან 1000-მდე სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყნის ნაციონალური ცეკვები და სიმღერები წარმოაჩინონ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში.